ინკლუზიური პროექტი

ინკლუზიური დასი „ცხოვრება მშვენიერია“

ინკლუზიური თეატრალური პროექტი, რომელიც სხვადასხვა შეზღუდვის მქონე და პროფესიონალ მსახიობებს სწავლაში, რეპეტიციებსა და წარმოდგენებში აერთიანებს.

ინკლუზიური თეატრი • 2022 წლიდან

პროექტის შესახებ

2022 წლის დეკემბერში ინკლუზიური დასი „ცხოვრება მშვენიერია“ დაარსდა ა(ა)იპ „ცხოვრება მშვენიერია“-ს ბაზაზე. დასი აერთიანებს სხვადასხვა შეზღუდვის მქონე მოყვარულ და პროფესიონალ მსახიობებს ქ. თბილისის პროფესიული თეატრებიდან: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი და ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი.

დასის მიზანია ხელი შეუწყოს თეატრალური ხელოვნებით დაინტერესებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საშემსრულებლო ხელოვნებაში ჩართვასა და მათი აქტივობის გაზრდას. ინკლუზიური დასი სისტემატიურად ეწევა დასის წევრების ინტეგრაციას პროფესიონალ მსახიობებთან და მათ მომზადებას მსახიობის ოსტატობაში, სასცენო მეტყველებაში, ქორეოგრაფიასა და ვოკალში.

საქართველოში არსებული უმაღლესი სახელოვნებო სასწავლებლები ვერ უზრუნველყოფს შშმ პირებისთვის განათლების მიწოდებას; ასევე არ არსებობს პროფესიული თეატრალური სასწავლებლები, სადაც ისინი ტიპური განვითარების მქონე თანატოლებთან ერთად შეისწავლიან სამსახიობო ხელოვნებას, სასცენო მეტყველებასა და სხვა დისციპლინებს.

სპექტაკლი „ცხოვრება მშვენიერია“

კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ოსკაროსანი ფილმის სცენარის მიხედვით დაიდგა სპექტაკლი „ცხოვრება მშვენიერია“. სპექტაკლში დასაქმდა და მონაწილეობა მიიღო ცხრა სხვადასხვა შეზღუდვის მქონე მოყვარულმა და შვიდმა პროფესიონალმა მსახიობმა.

მხარდაჭერა და სახელმწიფო თეატრის რეპერტუარი

პროექტის ფინანსური მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და ისრაელის საელჩო საქართველოში; მხარდამჭერები — იტალიის საელჩო საქართველოში და საქართველოს თეატრალური საზოგადოება. პრემიერის წარმატების შემდეგ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრთან შედგა თანამშრომლობა და ინკლუზიური სპექტაკლი სახელმწიფო თეატრის რეპერტუარში შევიდა.

„ორი ბატონის მსახური“

ინკლუზიურმა დასმა კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში წარადგინა ახალი სპექტაკლი „ორი ბატონის მსახური“ — კარლო გოლდონის პიესის მიხედვით.

ფოტოები: საქველმოქმედო ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“.

გაიგეთ მეტი

ყველა პროექტი